საქართველოში, აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Eternity-2024“ მიმდინარეობს. იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
სწავლებაში, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები, სხვადასხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების შესახებ ამოცანას შეასრულებენ. მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და შერიგების გასაძლიერებლად ჩატარებული საერთაშორისო წვრთნები 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე, მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების - ETERNITY 2024 გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 24 სექტემბერს ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ცნობით, სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სწავლების სცენარის მიხედვით, ვაზიანის საწვრთნელ რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვა გათამაშდება.
„ETERNITY 2024“ მრავალეროვნულ გარემოში უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების დროს კომუნიკაციის დახვეწას, ასევე, რისკების მართვასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად,” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „ETERNITY 2023-ს აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრმა უმასპინძლა.